maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ენერგეტიკული პოლიტიკა

საქართველოში არსებული უხვი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანაა ინვესტიციების მოზიდვა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.
ამ პოლიტიკის ნაწილს შეადგენს საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება ეტაპობრივად: ჯერ იმპორტის, შემდეგ კი – თბოგენერაციის ჩანაცვლებით.
საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალისა და რეგიონში მზარდი მოთხოვნის გამო, განისაზღვრა ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები:

• მეზობელი სახელმწიფოების ენერგეტიკულ სისტემებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
• ახალი ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა;
• ახლადაშენებული და არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტრო ენერგიის ექსპორტზე გატანა.

ბაზრის სტრუქტურა

საქართველოს ენერგობაზრის ახალი მოდელი უზრუნველყოფს სექტორში ფუნქციონირებად სუბიექტებს შორის უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ გამიჯვნას.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს, მონაწილეობს სექტორში სახელმწიფო სტრატეგიისა და პროგრამების შემუშავებაში, შეისწავლის მათი შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.
სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა. იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარგის ცალკეულ სეგმენტში დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე.
საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის შესაბამისად სამინისტროს პრიორიტეტია განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისებისა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ამ მიზნით 2008 წელს შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“, რომელიც წარმატებით ხორციელდება.
ამასთანავე, სამინისტროს მოვალეობაა სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისას ბუნების დაცვის უზრუნველყოფა და ეკოლოგიური ასპექტების მაქსიმალურად გათვალისწინება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი ორგანო. იგი არ არის დაფუძნებული სახელმწიფო ქონების ბაზაზე და არაა დამოკიდებული სახელმწიფო ორგანიზაციებზე. კომისიის საქმიანობის დაფინანსების ძირითადი წყაროა ლიცენზიანტების, იმპორტიორების, მიმწოდებლებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გადახდილი რეგულირების საფასური. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მარეგულირებელი კომისია გასცემს წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ობიექტებზე მათი საქმიანობის შესაბამის ლიცენზიებს. აღსანიშნავია, რომ 13 მგვტ-ზე მცირე ელექტროსადგურებს წარმოების ლიცენზია არ ესაჭიროებათ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტარიფების მეთოდოლოგიას ამტკიცებს. ამავე მეთოდოლოგიის შესაბამისად, კომისია ახორციელებს წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტის, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენასა და რეგულირებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ელექტროსადგურებისთვის წარმოების ტარიფი დერეგულირებულია. მათ უფლება აქვთ ელექტროენერგიით ვაჭრობა თავისუფალი (დერეგულირებული) ტარიფით განახორციელონ.

საქართველოში 13 წარმოების ლიცენზიანტი და 25 მცირე სიმძლავრის ჰესი ფუნქციონირებს. აქედან მხოლოდ შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესი“ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 3300 მგვტ-მდეა, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 10 მლრდ კვტ/საათს აღწევს. ელექტროენერგიაზე შიდა მოთხოვნის 90%-ის დაკმაყოფილება არსებული ჰესებით ხდება. ახალი ჰესების ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზრდება.

ელექტროენერგიის გადაცემას და ტრანზიტს ორი გადაცემის ლიცენზიანტი უზრუნველყოფს:
1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განკარგულებაშია 220/110/35 კვ ხაზების და 500/220/110/35 კვ ქვესადგურების დიდი ნაწილი. სსე 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება.
2. სს „საქრუსენერგო“ ახორციელებს 220/330/500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციას.საქართველოს ელექტროსისტემა დაკავშირებულია ოთხივე მეზობელი ქვეყნის სისტემებთან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით:

ელექტროენერგიის ექსპორტის და საქართველოს ჰიდროპოტენციალის ათვისების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს ტრანსასაზღვრო მაღალი ძაბვის გადამცემი მოცულობა. ამ მიზნით 2010 წელს დაიწყო 500/400 კვ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის (შავი ზღვის ეგხ) მშენებლობა თურქეთ-საქართველოს შორის. შავი ზღვის 500/400 კვ ეგხ პროექტის მთლიანი ღირებულება 260 მლნ ევროა და მისი დაფინანსება ისეთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა განახორციელეს, როგორებიცაა: KfW, EBRD და EIB. ხაზმა ფუნქციონირება 2013 წლის დეკემბერში დაიწყო. ხაზით სარგებლობის პრიორიტეტი ახლად აშენებულ ელექტროსადგურებს მიენიჭება. გარდა ამისა, იგეგმება 500კვ ხაზის მშენებლობა აზერბაიჯანთან და 400 კვ ხაზის მშენებლობა სომხეთთან. ზემოაღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ საქართველო რეგიონის უმნიშვნელოვანესი ელექტროენერგეტიკული კვანძი გახდება.

სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა„ არის ერთადერთი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი. ის პასუხისმგებელია საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, 500-220-110-35 კილოვოლტიანი გადამცემი ობიექტების გამართულ მუშაობასა და ენერგოსისტემის მდგრადობაზე. ცენტრალური სადისპეტჩერო უზრუნველყოფს ენერგოსისტემის, როგორც ერთიანი ობიექტის მუშაობას, როგორც ნორმალურ, ასევე ავარიულ რეჟიმში

მომხმარებლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას სამი გამანაწილებელი კომპანია ახორციელებს: სს "თელასი" ამარაგებს თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია" - კახეთის რეგიონს, ხოლო სს "ენერგო-პრო ჯორჯია" - ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას.

მომხმარებლებს, რომლებიც წელიწადში 7 მლნ კვტ/საათზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ პირდაპირი მომხმარებლები ეწოდებათ. ისინი ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულებებით უშუალოდ მწარმოებლებისგან ან სისტემის კომერციული ოპერატორისგან ყიდულობენ. საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის თანახმად ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებზე „მესამე მხარის დაშვების“ ზღვარი ეტაპობრივად შემცირდება და 2017 წლიდან 1კვტ/საათი გახდება.

საქართველოში სულ შვიდი პირდაპირი მომხმარებელია დარეგისტრირებული:
1 შპს "სინათლის ქალაქი"
2 შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ"
3 შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია"
4 შპს "საქართველოს რკინიგზა"
5 შპს "ჯორჯიან მანგანეზი"
6 შპს "საქნახშირი" (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)
7 შპს "რუსთავის წყალი"



ელექტრენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო)

საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის პირთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ იმ პირობებით, რომლებზედაც შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობა, სისტემის კომერციული ოპერატორი და შესაბამისი პირი.


ელექტროენერგიით ვაჭრობა

საქართველოში ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი პირდაპირი ხელშეკრულებებით იყიდება, რომლებიც შეიძლება იყოს მოკლევადიანი (1 წელი) ან გრძელვადიანი (5 წელი). ეს ხელშეკრულებები განაწილების ლიცენზიანტებს ან პირდაპირ მომხმარებლებსა და წარმოების ლიცენზიანტებს შორის ფორმდება. პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორებაც უშუალოდ მხარეებს შორის ხორციელდება.
მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის პირდაპირი კონტრაქტებით განსაზღვრული ელექტროენერგიის რაოდენობასა და რეალურ მოხმარებას შორის წარმოქმნილ სხვაობას ესკო აბალანსებს, წარმოშობილი სხვაობის ყიდვა-გაყიდვის გზით.

კომერციული ოპერატორისგან საბალნსო ელექტროენერგიით ვაჭრობა წარმოებს ორი გზით:
1. როდესაც მოხმარების გადაჭარბება ხდება დაუგეგმავად ან პირდაპირი ხელშეკრულება საერთოდ არ არის გაფორმებული, მაშინ მომხმარებელი ენერგიას ავტომატურად კომერციული ოპერატორისგან ყიდულობს.
2. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობის მეორე ვარიანტის მიხედვით, კომერციულ ოპერატორსა და მომხმარებლებს შორის წინსწრებით ფორმდება ხელშეკრულება, სადაც საჭირო ელექტროენერგიის არც მოცულობა და არც ფასი განსაზღვრული არ არის.

ყოველი კონკრეტული მოთხოვნის შემდეგ მხარეები ერთმანეთს მათთვის მისაღებ ტარიფებს სთავაზობენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაჭრობა წარმოებს ე.წ. ელექტროენერგეტიკული ბირჟის ფორმატით, რაც სამომხმარებლო ტარიფზე არანაირ გავლენას არ ახდენს. სისტემის კომერციული ოპერატორი მომსახურეობას ახდენს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი მომსახურეობის ტარიფის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა კომერციული ოპერატორის გარდა პირდაპირი კონტრაქტის საშუალებითაც შეუძლია.
ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიზნით საბითუმო მყიდველი ვალდებულია გააჩნდეს საკუთარი მოხმარების 10%-ის (მათ შორის 5% ადგილობრივი წყაროებით) ოდენობის სარეზერვო სიმძლავრე. სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფა პირდაპირი ხელშეკრულებებით, საკუთარი წარმოებით ან კომერციული ოპერატორის საშუალებით შეიძლება.
2013-2015 წლებში 10%-იანი კვოტა სრულად ადგილობრივი წყაროებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო 2016-2019 წლებში სავალდებულო რეზერვის კვოტა 15%-მდე გაიზრდება, რომლის სრულად შევსება ადგილობრივი წყაროებით იქნება სავალდებულო.
ახორციელებს გარანტირებული სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვას (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით).

ის ასევე უზრუნველყოფს გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრას და ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას.

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო